აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფართოზოლოვანი ინტერნეტის გაყვანა იწყება. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა. ჯამში სულ 47 კმ სიგრძის ქსელის გაყვანა იგეგმება.
"ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში გამოცხადებული შესყიდვით კერძო სექტორი დაინტერესდება, მიიღებს ამ გამოწვევას და სახელმწიფოსთან ერთად აქტიურად ჩაერთვება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში", განაცხადა "ოუფენ ნეტის" დირექტორმა.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, საყოველთაო ინტერნეტიზაციის მეორე საპილოტო პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და კიდევ 10 500 მოსახლეს მიეცემა შესაძლებლობა, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით და ფართოზოლოვანი მომსახურებებით.
"ოუფენ ნეტში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მუნიციპალიტეტში სულ 13 დასახლება შეირჩა. თითოეულ დასახლებაში მინიმუმ 200 ოჯახი ცხოვრობს.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 2,3 მლნ ლარია. განაცხადების მიღება 10 ივლისს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდება.
ფართოზოლოვანი ინტერნეტის საპილოტო პროგრამა 2020 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. სამუშაოებისთვის 10 მლნ ლარზე მეტი იყო გათვალისწინებული.
ააიპ "ოუფენ ნეტი" 2016 წელს დაფუძნდა. როგორც ორგანიზაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ამ დრომდე დოკუმენტების შემუშავებაზე მუშაობდნენ, პარალელურად კი კერძო კომპანიებთან ჰქონდათ კომუნიკაცია, რომ მათი საქმიანობის სფერო არ გადაკვეთილიყო.
...