სომხეთის საარჩევნო კომისია ადასტურებს ფაშინიანის გამარჯვებას, უარყოფს ოპოზიციის მოთხოვნებს
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თქმით, ვადამდელი არჩევნების ოფიციალური შედეგი ადასტურებს მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიის დიდი უპირატესობით გამარჯვებას. კომისიამ უარყო ოპოზიციის მოთხოვნა არჩევნების შედეგის გაუქმების თაობაზე.
საბოლოო შედეგების თანახმად, ფაშინიანის პარტიამ 20 ივნისის არჩევნებზე ხმათა 53,91 პროცენტი მოიპოვა, ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ალიანსმა - 21,9 პროცენტი, ექსპრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან დაკავშირებულმა ალიანსმა კი 5,22 პროცენტი. სარქისიანის ალიანსმა ვერ შეძლო ალიანსებისთვის დაწესებული 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა, თუმცა მას ნება დართეს წარმომადგენელი ჰყავდეს, რადგან, კანონის თანახმად, პარლამენტში სულ მცირე სამი პარტია უნდა იყოს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ამ შედეგების მიხედვით 107-ადგილიან პარლამენტში ფაშინიანის პარტიას ექნება 71 მანდატი, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ქოჩარიანის ალიანსს 29 მანდატი, სარქისიანისას - 7.
ორი ყოფილი პრეზიდენტის ალიანსებმა და ეროვნულ-ქრისტიანულმა პარტიამ - რომელმაც ასევე ვერ გადალახა პარტიებისთვის დაწესებული 5-პროცენტიანი ბარიერი - საარჩევნო კომისიას მიმართეს არჩევნების შედეგის გაუქმების თხოვნით, რის მიზეზადაც საარჩევნო პროცესში დარღვევებს ასახელებდნენ. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ფაშინიანმა კონსტიტუცია დაარღვია, რადგან პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას აგრძელებდა 10 მაისის, ანუ პარლამენტის დათხოვნის შემდეგაც. ოპოზიცია ასევე ლაპარაკობდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და სხვა დარღვევებზე, რომლებმაც, მათი თქმით, არჩევნების შედეგზე იქონია გავლენა. საარჩევნო კომისიამ ეს მოთხოვნები უარყო და არჩევნების შედეგი დაამტკიცა.
...